
ხანგრძლივი ხეტიალიდან დაბრუნებული ჰერაკლე ამაძონთა წინააღმდეგ სალაშქროდ გაემგზავრა, რათა ევრისთევსის დავალებით მათი დედოფლის ჰიპოლიტეს სარტყელი მიკენში ჩაეტანა. ადვილი არ იყო ამორძალების მამაცი დედოფლისთვის იარაღსაბამი ქამრის შეხსნა.
ამაძონები ერთიანად ქალებისგან შემდგარი ძლიერი მეომარი ხალხი იყო. პონტოში ცხოვრობდნენ, მდინარე თერმოდონის მხარეში. ეს იყო ერთადერთი ქალთა ტომი, რომელიც მამაკაცთა საქმეს აკეთებდა. მათებრ ომში გამობრძმედილნი, ზრდიდნენ მხოლოდ გოგონებს, ვაჟებს კი უკანვე აგზავნიდნენ უცხო მამაკაცებთან, რომელთაც დროგამოშვებით იწვევდნენ ხოლმე მოდგმის გასაგრძელებლად.
შეიარაღებული ამაძონები ხალისით მიემართებოდნენ ომებში და თავგამოდებით იბრძოდნენ. ბრძოლაში რომ ხელი არ შეეშალა, ბავშვობაშივე იწვავდნენ მარცხენა ძუძუს და ალბათ ამისთვისაც ეწოდათ ამაძონი – უძუძო ქალები. მათი დედოფალი ჰიპოლიტე ძალაუფლების ნიშნად ატარებდა ზემოთხსენებულ სარტყელს, რაც თვითონ ომის ღმერთს არესს მიეცა საჩუქრად.
ჰერაკლემ მოხალისე გმირთა გუნდი შეკრიბა, გემით გაემგზავრა და მრავალი თავგადასავლის შემდეგ შეცურა შავ ზღვაში, შევიდა მდინარე თერმოდონის შესართავში და ამაძონთა დედაქალაქ თემისკირასთან გაჩერდა. აქ შემოეგება ამაძონთა დედოფალი ჰიპოლიტე. ჰერაკლეს შთამაგონებელმა გარეგნობამ დედოფალი პატივისცემის გრძნობით აღავსო და როცა მოსვლის მიზეზი გაიგო, თავაზიანად დაჰპირდა, სარტყელს მოგცემო.
მაგრამ ჰერამ, ჰერაკლეს დაუძინებელმა მტერმა, ამაძონის სახე მიიღო, სხვა ამაძონებს შორის გაერია და ხმა გაავრცელა, რომ მათი დედოფალი ერთ–ერთმა გადამთიელმა მოიტაცა. ფიცხლავ აისხეს იარაღი ამორძალებმა და დაუყოვნებლივ დაესხნენ თავს ბანაკს, რაც ნახევრად ღმერთს ქალაქის წინ გაეშალა. რიგითი ამაძონები სხვა მეომრებს შეებნენ, წარჩინებულნი კი თვით ჰერაკლეს გარს შემოერტყნენ და მძიმე ბრძოლა გაუმართეს. პირველი, ვინც მას შეება, თავისი სისწრაფის გამო, აელად იყო წოდებული, რაც "ქარის პატარძალს" ნიშნავს. მაგრამ ჰერაკლე კიდევ უფრო სწრაფი გამოდგა. აელა ქარის უსწრაფესად გაექცა გმირთაგმირს, მაგრამ ჰერაკლე დაეწია და ძირს დასცა. მეორეც პირველსავე იერიშზე დაეცა მკვდარი, ხოლო მესამე, პროთოე, ორთაბრძოლაში შვიდგზის გამარჯვებული, მალე მათს კვალს მიჰყვა. შემდეგ რვა დანარჩენი დაიღუპა, მათ შორის არტემიდეს სამი თანამგზავრი. ქალღმერთის მხლებელნი დღემდე ნადირსა თუ მეომარს შუბს არ აცდენდნენ, ახლა კი ააცდინეს და ვერც ფარებმა უშველეს. ჰერაკლემ მოისარი ქალები ზედიზედ ჩამოყარა ცხენებიდან. დაიღუპა ალკიპეც, ამაძონი, რომელმაც ფიცი დადო, სიკვდილამდე ქალწული დავრჩებიო.
ამაძონთა მამაცი წინამძღოლი მელანიპე რომ ჰერაკლემ შეიპყრო, სისხლისმღვრელი ბრძოლაც დასრულდა, ამაძონებმა გმირს ზურგი აჩვენეს და ლტოლვით უშველეს თავს.
გამარჯვებულ ჰერაკლეს ჰიპოლიტემ სიტყვა შეუსრულა და სარტყელი გადასცა. სამაგიეროდ ჰერაკლემ დედოფალს ტყვექმნილი მელანიპე გადასცა.
უკან რომ ბრუნდებოდა, ტროას სანაპიროზე გმირს ახალი ფათერაკი შეხვა. ტროას მეფის ლაომედონტის ასული ჰესიონე კლდეზე იყო მიჯაჭვული და ურჩხულის შესაჭმელად განწირული ელოდა ბედის განჩინებას. მამამისს პოსეიდონმა ტროას ზღუდე–გალავანი აუშენა და გასამრჯელო არ მიუღია. განრისხებულმა პოსეიდონმა ტროას მხარეს ზღვის ურჩხული მოუვლინა და ეს საშინელი გველეშაპი ამ მიდამოებს იმდენ ხანს აოხრებდა, რომ ბოლოს ლაომედონტი იძულებული გახდა, საკუთარი ასული შეეწირა.
როცა ამ გზაზე ჰერაკლემ ჩამოიარა, მავედრებელი მამა შეეგება და ასულის გადარჩენა სთხოვა, სამაგიეროდ დაჰპირდა იმ ცხენებს, რომელნიც მამამისისთვის, ილოსისთვის თვითონ ზევსს ეჩუქებინა. რაღა თქმა უნდა, ზევსის ნაჩუქარი მშვენიერი რაშები უბრალო ცხენები არ იქნებოდნენ.
ჰერაკლე ნაპირს მიადგა და ურჩხულს დაუწყო ლოდინი. როგორც კი გველეშაპი გამოჩნდა და ხახა დააღო, რათა მეფის ასული გადაეყლაპა, ჰერაკლე თვალის დახამხამებაში ურჩხულის ხახაში ჩახტა, მუცელში ჩავიდა, შიგნეული მახვილით გაუკეპა და მერე ისე გამოვიდა, როგორც მკვლელთა ბუნაგიდან.
უმადურმა და თავხედმა ლაომეტონდმაც უმუხთლა მაშვრალ გმირს, პირი გაუტეხა, რაშები ტავისთვის დაიტოვა და ჰერაკლე იძულებყლი გახდა, ხელცარიელი გასცლოდა მეფეს, რომელიც მუქარას უთვლიდა.
გამოხდა ხანი და უსამართლობის გამო განრისხებულმა ჰერაკლემ ტროა დალაშქრა, დახოცა ლაომედონტი და მისი ვაჟები. პრიამოსი შეიბრალა, ხოლო ასული ჰესიონე წაიყვანა (პირობის თანახმად) და ტელამონს მიათხოვა. მართალია, ეს უფრო მოგვიანებით მოხდა. რაშები ზევსმა ტროას მეფე ტროსს აჩუქა მოკვდავთა შორის უმშვენიერესი ჭაბუკის განიმედეს ცაში გატაცების სამაგიეროდ.